ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირთან სავარაუდო კონტაქტის გამო, პოლონეთში ერთი ადამიანი კარანტინში იმყოფება
პოლონეთში ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, კონტაქტში იყო საკრუიზო გემზე მყოფ მგზავრთან, სადაც ჰანტავირუსის აფეთქება მოხდა, კარანტინში იმყოფება.
მთავარმა სანიტარიულმა ინსპექციამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პოლონეთში ერთი ადამიანი კარანტინში მოათავსეს საკრუიზო გემ MV Hondius-ის მგზავრთან შესაძლო კონტაქტის გამო.
ამჟამად კარანტინში მყოფს სიმპტომები არ აღენიშნება. კარანტინი 7 დღეს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 4 მაისს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე MV Hondius-ზე ჰანტავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
ჰანტავირუსული ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფიცირებული მღრღნელების ფეკალურ მასებთან. იშვიათად, მაგრამ ვირუსი, შეიძლება, გავრცელდეს ადამიანებს შორის და გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული დაავადება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადასცემოდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაავადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა „ჰანტავირუსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მეტი შემთხვევა გამოვლინდეს, თუმცა ეს Covid-ის მსგავსი ახალი პანდემია არ არის.
BBC-ის ცნობით, „ჰანტავირუსის“ ერთი შემთხვევა ნიდერლანდებში დადასტურდა.