მიხეილ სარჯველაძე: ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
„საბედნიეროდ, აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი. ველოდებით სამძებრო სამუშაოებს თუ როგორ წარიმართება. სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება რაიმე სამედიცინო მხარდაჭერა, იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.
რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.