Loading data...
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.

ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც, ასევე, დამაკმაყოფილებელია.

„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს - ორი ქალისა და ერთი ბავშვის, ხოლო დაკარგული კიდევ 3 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.