Loading data...
თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტს პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მომხდარ საზარელ ფაქტს უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც აღმოჩნდა, ერდოღანმა მწუხარება გამოხატა თეთრი სახლის კორესპონდენტთან სადილზე მომხდარი სროლის გამო. 

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტს დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საზარელ ქმედებად მიიჩნევს და დაშავებულ უსაფრთხოების თანამშრომელს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს-ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.