ირანთან მიმდინარე ომის ფონზე, United Airlines ბილეთების ფასს 20%-მდე ზრდის
ირანთან მიმდინარე ომის ფონზე, საწვავის ფასი ყოველდღიურად იმატებს, რაც ავიაკომპანიების მხრიდან სერიოზულ დანაკარგს გულისხმობს. არსებული კრიზისის ფონზე, სხვადასხვა ავიაკომპანიამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო: ზოგმა ახლო მანძილზე ფრენების გაუქმება დაიწყო, ზოგმა კი, ბილეთების ფასის გაძვირება. სწორედ, მათ შორის აღმოჩნდა United Airlines, რომელმაც საწვავის გაძვირების სანაცვლოდ, მგზავრებს მომსახურების საფასური 20%-მდე გაუზარდა.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაწყვეტილების შესახებ პერსონალს კონფერენციის მსვლელობისას აცნობა. „საწვავის ფასების ზრდის ფონზე, ბილეთების ფასის ზრდა კრიზისის გადაწყვეტაში დაგვეხმარება“, - განაცხადა United Airlines-ის დირექტორმა სკოტ კირბიმ.
როგორც გაირკვა, მომხმარებლებს ამ ეტაპზე, უკვე უწევთ ბილეთის გაზრდილი საფასურის გადახდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ცვლილებამ შესაძლოა ფრენებზე მოთხოვნა შეამციროს, თუმცა „ომის დაწყების შემდეგ, ტარიფებსა და ბარგის საფასურზე ფასების ზრდა, ჯერჯერობით, მომხმარებელთა რაოდენობის ცვლილებაზე არ მიუთითებს“.
„ამ ეტაპზე, შეგვიძლია გითხრათ, რომ ფასების ზრდა კარგად მიმდინარეობს და მოთხოვნა ძალიან მაღალია“, - დასძინა United Airlines-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომერციულმა დირექტორმა ენდრიუ ნოსელამ.
„მომხმარებლები უკვე ჯავშნიან ფრენებს, გაზრდილ ფასებში“, - აღნიშნა მან.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, რაც უფრო დიდხანს დარჩება ბაზარზე საწვავის ფასი მაღალი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ბილეთების საფასური მთელი მსოფლიო მასშტაბით, ინდუსტრიის მუდმივი გამოწვევა გახდეს.