სტარმერი: დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს. ამის შესახებ მან პარასკევს, 25 ივლისს, განაცხადა, წერს Reuters-ი.
საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ღაზაში ომის დასრულების მიზნით ისრაელზე ზეწოლის გზების განხილვის შემდეგ სტარმერმა განაცხადა, რომ ის „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზეა“ ორიენტირებული, რომლებსაც, მისი აზრით, ომის დასრულებაში რეალური ცვლილებების შეტანა შეუძლია.
„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. მე აბსოლუტურად ერთგული ვარ ამ პოზიციის. თუმცა ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც საბოლოოდ ორმხრივ შეთანხმებამდე და პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოებამდე მიგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, 24 ივლისს საფრანგეთმა G7-ის ქვეყნებიდან პირველმა განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკვეთრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმების გამო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერის დაპირებას „არანაირი წონა აქვს“.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერლინი მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს და აღნიშნა, რომ ახლა მისი პრიორიტეტია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ „დიდი ხნის ნანატრი პროგრესის“ მიღწევა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მის შექმნამდე შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა დიდი ხანია, მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თუმცა ეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.