მელონი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მის შექმნამდე შესაძლოა, „კონტრპროდუქტიული“ იყოს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მის შექმნამდე შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.
„მე ძალიან ვუჭერ მხარს პალესტინის სახელმწიფოს, მაგრამ არ ვემხრობი მის აღიარებას მის შექმნამდე“, - განუცხადა მელონიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს.
„თუ ის, რაც არ არსებობს, ქაღალდზე აღიარებულია, პრობლემა შეიძლება გადაჭრილად მოგეჩვენოთ მაშინ, როცა ეს ასე არ არის“, - დასძენს მელონი.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე დაგმეს.
პარასკევს, 25 ივლისს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ახალი პალესტინური ერთეულის მიერ ისრაელის აღიარებასთან ერთად უნდა მოხდეს.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერლინი მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს და აღნიშნა, რომ ახლა მისი პრიორიტეტია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ „დიდი ხნის ნანატრი პროგრესის“ მიღწევა.