გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სამი სისტემა გადასცა - The Washington Post

გერმანიამ უკრაინას Patriot -ის სამი სისტემა გადასცა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ახალი დახმარების სქემის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ევროპული ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის შეძენას აფინანსებენ. ამის შესახებ The Washington Post-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ უკრაინა ახალი სქემის ფარგლებში Patriot-ის 10 სისტემის მიღებას იმედოვნებს. 21 ივლისს უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დეტალების გარეშე განაცხადა, რომ ბერლინი Patriot-ის ხუთი სისტემის მიწოდებას „შეუწყობს ხელს“. ჟურნალისტების წყაროებმა განაცხადეს, რომ კიევს სამი სისტემა უკვე გადაეცა და გერმანია ამჟამად შეერთებულ შტატებთან კიდევ ერთის გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ Patriot-ის დანარჩენი ბატარეები შესაძლოა, ნატოს ფარგლებს გარედან მოიპოვონ. მაგალითად, შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ Patriot-ის ხუთ სისტემას, რომელიც ქვეყანამ ამერიკელ მწარმოებელს შეუკვეთა, შეერთებული შტატები უკრაინაში გადაამისამართებს, შვეიცარია კი შეკვეთილ სისტემებს მოგვიანებით მიიღებს.
გამოცემას გეგმების შესახებ ინფორმირებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ამ სქემის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, უკრაინა რადარებსა და ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს, დრონების გამანადგურებლებსა და არტილერიას მიიღებს.
აღნიშნულია, რომ ევროპის თავდაცვის მინისტრები გეგმების განსახილველად ამ კვირაში ვირტუალურად შეხვდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს და ევროპაში ნატოს მთავარსარდალს, გენერალ ალექსუს გრინკევიჩს.
გარდა ამისა, უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ დისკუსია გრძელდება. გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ კიევს Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს არ მიაწვდის. The Washington Post-ის ცნობით, ნატოს დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ აშშ მიაწვდის თავის რაკეტებს, თუმცა ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ „ამის გაკეთებისკენ არ ისწრაფვის“.