Loading data...
ჩეხეთი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით - საგარეო უწყება

ჩეხეთის რესპუბლიკა დიდი ხანია, მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თუმცა ეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, იუწყება Radio Prague International-ი.  

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თუმცა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ორივე მხარეს შორის შეთანხმების გზით.

ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა შეთანხმების შედეგი უნდა იყოს.

ჩეხეთმა აღნიშნულ საკითხზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 24 ივლისს საფრანგეთმა G7-ის ქვეყნებიდან პირველმა განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკვეთრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმების გამო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერის დაპირებას „არანაირი წონა აქვს“.