რუბიო: ტრამპი რუსეთთან მიმართებით მოთმინებას კარგავს, დაიღალა პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულების ნაბიჯების მოლოდინით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგავს მოთმინებას და სურვილს, დაელოდოს რუსეთის მხრიდან იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებამდე მიგვიყვანს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა.
რუბიოს თქმით, ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის საბოლოოდ დასრულება.
რუბიომ გაიხსენა ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრები, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.
„ის კარგავს მოთმინებას, კარგავს სურვილს, რომ განაგრძოს რუსული მხარისგან რაიმეს ლოდინი ამ ომის დასასრულებლად. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მას სურს მისი ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს თქმით, რუსეთი მხოლოდ დროს აყოვნებს.
„ის (ტრამპი) ამ ხაფანგში არ გაება. ის არ აპირებს დაუსრულებელი საუბრების წარმოებას“, - დასძინა მან.