Loading data...
მედინსკი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით თავის პოზიციას 2 ივნისს გაასაჯაროებს

რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას 2 ივნისს დეტალურად გაასაჯაროებს. ამის შესახებ სტამბოლში ჩასვლისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია. 

„ყველაფერს დეტალურად ხვალ მოგიყვებით“, - განაცხადა მან ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მედინსკიმ აღნიშნა, რომ მან ნახა ინფორმაცია იმ პირობების შესახებ, რომლებიც უკრაინას, სავარაუდოდ, შეეძლო, თავის მემორანდუმში შეეტანა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სტამბოლში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჩირაგან პალასში“ ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას კვლავ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მან დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდი 16 მაისს სტამბოლში გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები პატიმრების „1000 1000-ზე“ ფორმულით გაცვლასა და შესაძლო სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საკუთარი ხედვების წარდგენაზე შეთანხმდნენ.

👉Reuters-მა შეიტყო, რა წინადადებებს წარუდგენს უკრაინა რუსულ მხარეს 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე