Loading data...
გუტერეში აცხადებს, რომ ლიბანში ყოვლისმომცველი ომი ყველაფრის ფასად თავიდან უნდა აიცილონ

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მისმა სპიკერმა განაცხადა.  

გუტერეში მხარეებს „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ლიბანში ყოვლისმომცველი ომი ყველაფრის ფასად თავიდან უნდა იქნეს აცილებული და ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა.

ამასთან, მედია იტყობინება, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა ისრაელს პირადად უთხრეს, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს მის გადაწყვეტილებას, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო ზეწოლა გაზარდოს.