Loading data...
ესპანეთისა და პორტუგალიის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ესპანეთისა და პორტუგალიის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამის შესახებ CNN ქვეყნების ელექტროკომპანიებზე დაყრდნობით იუწყება. 

პორტუგალიის ელექტროკომპანია Rene Electrica Nacional-მა განაცხადა, რომ წარმოება აღდგა Castelo de Bode-ს ჰიდროელექტროსადგურსა და Tapada de Outeiro-ს თერმოელექტროსადგურში. მათი ცნობით, ამ სადგურების გააქტიურების შემდეგ ენერგიის მოხმარება პორტუგალიაში თანდათან აღდგება — თავდაპირველად ამ ელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე და შემდეგ უფრო ფართოდ.

ესპანეთის ელექტროკომპანია Red Electrica-ში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კატალონიის, არაგონის, ბასკეთის, გალისიას, ასტურიას, ნავარას, კასტილიას და ლეონის, ესტრემადურას, ანდალუსიისა და ლა-რიოხას ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

„ელექტროენერგია უკვე აღდგა რამდენიმე რაიონის ქვესადგურებში“, - ნათქვამია განცხადებაში. ეროვნული ქსელის ოპერატორის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, ელექტროენერგიის მიწოდება სხვა ადგილებშიც თანდათანობით აღდგეს.

მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ესპანეთის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ზოგიერთ რაიონში. 

„მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად. ამჟამად პრიორიტეტი ნორმალური მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაზე მუშაობაა“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ცნობისთვის, ევროპის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებით, ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით „ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“.