Loading data...
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.

როგორც აღინიშნა, სტარმერმა და ზელენსკიმ „ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების მომავალი შეხვედრა განიხილეს“.

შეხვედრას უმასპინძლებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, რომელიც სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა „მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის პროგრესის განსახილველად“.

მანამდე Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთში შეხვედრას გეგმავენ, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტამდე პოზიციები შეათანხმონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.