Loading data...
Axios: აშშ-ის, უკრაინისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები ტრამპ-პუტინის სამიტამდე დიდ ბრიტანეთში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის, უკრაინისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ამ შაბათ-კვირას დიდ ბრიტანეთში შეხვედრას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ საერთო პოზიციის შემუშავება სცადონ. ამის შესახებ Axios-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემამ განმარტა, რომ ასეთი შეხვედრა დაიგეგმა, რადგან უკრაინა და ნატოს რამდენიმე მოკავშირე შიშობენ, რომ ტრამპი შესაძლოა, ომის დასრულების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წინადადებებს მათი პოზიციის გათვალისწინების გარეშე დათანხმდეს.

დიდ ბრიტანეთში შეხვედრის იდეა 8 აგვისტოს აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის სატელეფონო კონფერენციის დროს გაჩნდა. შეხვედრის შემადგენლობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

Axios-მა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ცოტა ხნის წინ მოსკოვში პუტინს შეხვდა. გამოცემის წყაროების ცნობით, ამ შეხვედრის დროს კრემლის ლიდერი დათანხმდა ომის დასრულებას, თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციას გადასცემდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ძირითადად დაიკავეს, ასევე ყირიმს.

„წყაროების ცნობით, სატელეფონო კონფერენციის ზოგიერთ მონაწილეს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინი დათანხმდა, უარი თქვას უკრაინის ორ სხვა ტერიტორიაზე, რომლებსაც რუსეთი ნაწილობრივ აკონტროლებს: ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. ეს მნიშვნელოვანი დათმობა იქნებოდა რუსეთის წინა პოზიციასთან შედარებით. თუმცა, როდესაც უიტკოფმა მეორე დღეს კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია გამართა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან, მან თქვა, რომ პუტინი დათანხმდა რუსეთის ამჟამინდელი პოზიციების გაყინვას ამ რეგიონებში“, - ხაზგასმულია სტატიაში.

ამგვარად, ეს ნიშნავს, რომ ორივე რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩათვლით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩება.

ამავდროულად, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ მაშინაც კი, თუ ზელენსკი პუტინის მოთხოვნებს დაეთანხმება, მას რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მას ტერიტორიების დათმობა არ შეუძლია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.