WSJ: უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებებისთვის გეგმა წარუდგინეს

ევროპის სახელმწიფოებმა და უკრაინამ რუსეთის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას საპასუხო წინადადებით უპასუხეს, რომელიც, მათი თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მომავალი მოლაპარაკებების საფუძველი უნდა გახდეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-მა ორი ინფორმირებული ევროპელი მაღალჩინოსნისგან შეიტყო.
კიევისა და მოკავშირეების წინადადება ითვალისწინებს სავალდებულო ცეცხლის შეწყვეტას ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე, ასევე, ნებისმიერი „ტერიტორიის გაცვლას“ მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გაიყვანს თავის ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები სხვა რეგიონებიდან, წერს WSJ.
„შეუძლებელია, დაიწყოს პროცესი ტერიტორიის დათმობით საბრძოლო მოქმედებების ფონზე“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ კიევის მიერ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა უნდა იყოს გამყარებული უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით - კერძოდ, უკრაინის ნატოში პოტენციური წევრობით, ნათქვამია სტატიაში.
WSJ-ის წყაროების ცნობით, გეგმის მიზანია, ევროპამ და უკრაინამ დაადგინონ საერთო წითელი ხაზი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებებზე უნდა გავრცელდეს.
წინადადება შაბათს, 9 აგვისტოს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაზე წარადგინეს, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი მონაწილეობდნენ.
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მათ განუცხადეს, რომ უკრაინის მომავლის განხილვა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და რესურსების მიწოდებას აშშ-ის პოზიციის მიუხედავად, განუცხადა WSJ-ს ერთ-ერთმა წყარომ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა სურთ, რამაც შესაძლოა, რუსეთის მიერ ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გაამყაროს.