ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერებისთვის გამოყოფილი ბილეთების შეძენა 15 აპრილს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ევრო 2024“ - რა ეღირება ტურნირის ბილეთები?
„ვულოცავთ საქართველოს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე! საქართველოს გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 11:00 საათზე (ადგილობრივი დროით 13:00 საათზე) დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც UEFA-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, დამატებითი დეტალები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბილეთების შეძენა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.