შალვა პაპუაშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, როდესაც საკუთარი პოზიციები დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს.
„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია - როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“, - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.