საგარეო უწყება: ბრიუსელის მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.
ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.
სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით.
აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.
ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.