შალვა პაპუაშვილი: Fitch-ის რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული
წარმოიდგინეთ, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარედან თავდასხმები საქართველოს განვითარების ტემპს აყოვნებს.
„Fitch-ის რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული. შემდგომ ეს უკვე ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს. რეგიონში მიმდინარე ომისა და ქვეყანაზე თავდასხმების ფონზე ასეთ წარმატებას რომ ვაღწევთ, ყველას შეუძლია, წარმოიდგინოს, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქალაქიდან. ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. გარედან თავდასხმები აყოვნებს განვითარების იმ ტემპს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.