Loading data...
Fitch-ი 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.6%-დან 7.3%-მდე აუმჯობესებს

Fitch-ი 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.6%-დან 7.3%-მდე აუმჯობესებს, ხოლო 2026 წლის პროგნოზს 5.2%-დან 5.3%-მდე ზრდის. ამასთან, სააგენტო ელის, რომ 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადახედვაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა რეზერვებს. „საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, რეზერვების ზრდას შეუწყო ხელი ძლიერმა შემოსავლების დინამიკამ ტურიზმიდან (2025 წლის I - III კვარტალი - 5.1%-იანი წლიური ზრდა), ფულადი გზავნილების მატებამ (იანვარი - ოქტომბერი 7.1%-იანი წლიური ზრდა), ბანკების FX დეპოზიტებზე გამკაცრებულ სარეზერვო მოთხოვნებმა და დოლარიზაციის შემცირების ზოგადმა ტენდენციამ“, - წერს Fitch-ი.

Fitch-ის შეფასებით, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტი, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მოგზაურობა, საფინანსო მომსახურება და განათლება მნიშვნელოვნად და მდგრადად გაიზარდა.

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ საგარეო ვალი 2027 წლისთვის 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება GDP-სთან მიმართებით.

პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და იმ სექტორების შემცირებული იმპორტდამოკიდებულება, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ (ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი) საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს გააძლიერებს.

„უძრავი ქონების სექტორში მოსალოდნელი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე სხვა მასშტაბური კაპიტალური პროექტები საშუალოვადიან პერიოდში ჩვენს პროგნოზებს ზრდის დამატებით პოტენციალს ანიჭებს“, - აღნიშნავს Fitch-ი.

Fitch-ი ელოდება, რომ ინფლაცია 2026–2027 წლებში საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკის 8%-იანი განაკვეთი უცვლელი დარჩება. ამასთან, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობაზე და დოლარიზაციის შემცირების ტენდენციაზეც საუბრობს. Fitch-ი წერს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანია, ძლიერი კაპიტალიზაციით და სტაბილური აქტივების ხარისხით.
Fitch-ი ასევე სტაბილურად აფასებს საქართველოს გრძელვადიანი ვალის დინამიკას.