Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციაზე მივიდა, რაც არამეგობრული აქტი იყო, მაგრამ უფრო სამარცხვინოა განცხადება, რომელიც მან გააკეთა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად იდგა და თქვა, რომ საქართველოში თურმე გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ეს არის სამარცხვინო განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ფინეთში 50 ადამიანი ვერ გადაკეტავს მთავარ გამზირს, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. მისივე შეფასებით, ფინელ მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამას მივესალმები. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველანაირი მორალური და ეთიკური ნორმა დაარღვია. აქ საქმე არ არის დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებზე. საპროტესტო აქციაზე მივიდა და იქ დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად იდგა, მათ შორის გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე და თქვა, რომ თურმე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ანუ, თვითონვე იმ გამზირზე იდგა, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, იყოს მაღალ დონეზე, ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ჰელსინკში არ იყოს. ფინეთში 50 ადამიანი ვერ გადაკეტავს მთავარ გამზირს, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. ეს არამეგობრული აქტი იყო, მაგრამ უფრო სამარცხვინო ის განცხადება იყო, რომელიც მან გააკეთა“, - განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს თავმჯდომარესთან ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა“.