იონათამიშვილი: როცა სამომგამოვლილ, ნატოს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და თავად, ნატოს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, ცოტა უხერხულია

ნატოს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში როცა ითრევ, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის გამო კი ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იონათამიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატის შეჭრის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე თავშესაფარში გადაიყვანეს.
„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა. მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატოს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატოს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, – წერს რატი იონათამიშვილი.