Loading data...
ზელენსკიმ ლისაკი ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად სერგეი ლისაკი დანიშნა, რომელიც აქამდე დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

შესაბამისი ბრძანება, რომელიც 15 ოქტომბრით თარიღდება, პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

„დაინიშნოს სერგეი პეტროვიჩ ლისაკი ოდესის ოლქის ოდესის რაიონის ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავდროულად, 15 ოქტომბრის ბრძანებულებით, ზელენსკიმ ლისაკი დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კიდევ ერთი ბრძანებულებით მან ოდესის ოლქის ოდესის რაიონის ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა.

„დღეს ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. ჩემს უკან გრძელი გზაა, რომელიც ორწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა“, - დაწერა ლისაკმა თავის Telegram არხზე.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობები ვლადისლავ გაივანენკოს დაეკისრა.

ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს სახელმწიფოს მეთაურმა ოდესის მერ გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან მას რუსეთის მოქალაქეობა აღმოაჩნდა.

თავად ტრუხანოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.