Loading data...
ოდესის მერი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გაასაჩივრებს

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, რომელსაც რუსული პასპორტის ფლობის გამო უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრუხანოვს მოქალაქეობა ჩამოერთვა, აქტივისტებმა ის ოდესის საქალაქო საბჭოს შენობასთან ახლოს ქუჩაში გააჩერეს, რამდენიმე კითხვა დაუსვეს და კამერაზე აღბეჭდეს. ოდესის მკვიდრის ვერა ზაპოროჟეცის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ ეკითხებიან მერს: „რას ვაპირებთ?... გასაჩივრებას?“.

„მართლაც. ხედავთ, რომ ეს სუფთა სიყალბეა... არანაირი პასპორტები არ ყოფილა...“ - აღნიშნა ტრუხანოვმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინის, კერძოდ, ოდესის დატოვებას, მერმა უპასუხა, რომ არა, რადგან, მისი ინფორმაციით, მას ქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ტრუხანოვი ასევე მიიჩნევს, რომ მისი მოქალაქეობის საკითხი ახლა იმიტომ გაჩნდა, რომ ეს, სავარაუდოდ, არჩევნებს უკავშირდება: „მათ ეშინიათ, რომ მე კენჭს ვიყრი და არჩევნებში გავიმარჯვებ“.

ამასთან, ტრუხანოვმა განაცხადა, რომ თუ პირს ჩამოერთმევა უკრაინის მოქალაქეობა, მერის უფლებამოსილება წყდება იმ მომენტიდან, როდესაც საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც აცნობებს მას ამ ფაქტის შესახებ. ეს გათვალისწინებულია „უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის მე-11 ნაწილით.

„ამ მომენტამდე მე გავაგრძელებ ჩემი, როგორც სახალხოდ არჩეული მერის, უფლებამოსილების განხორციელებას. უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებ. და თუ ეს საკმარისი არ არის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.