Loading data...
ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მომგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლონელი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში, ევროპისთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება.

„თუ ჩვენ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, თუ მას მარტო დავტოვებთ შესაძლოა, უკრაინამ ვერ გაუძლოს ამას და შემდეგ ევროპა გადაიხდის არა ფულით, არამედ სისხლით“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, თუ მოვლენები უარყოფითად განვითარდება, ეს ფრონტზე აღჭურვილობის მიწოდებაზეც იმოქმედებს.

„თუ უკრაინა გაზაფხულზე ტრანშს არ მიიღებს, უკრაინაში დრონების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის დრონების წარმოების დაახლოებითი პარიტეტი დაიკარგება.

„თუ მშვიდობა იქნება, უკრაინა ამ ფულს რეკონსტრუქციისთვის გამოიყენებს“, - დასძინა ზელენსკიმ.