Loading data...
ზელენსკი პუტინის გადაწყვეტილებაზე: რუსეთი დნესტრისპირეთს ფაქტობრივად, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს.

ზელენსკის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება სპეციფიკური ნაბიჯია და მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ თავისთვის ახალ ჯარისკაცებს ეძებს. 

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ამ გზით რუსეთი დნესტრისპირეთს ფაქტობრივად საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. 

„რუსეთმა დნესტრისპირეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. რუსებმა გაამარტივეს მოლდოვის ამ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღება. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის ტერიტორიას ფაქტობრივად საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 

მოსკოვში ისინი ხშირად სხვადასხვა თანამოსაუბრეს ეუბნებიან, თითქოს მხოლოდ დონბასი აინტერესებთ. სინამდვილეში საქმე მხოლოდ დონბასს არ ეხება. ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ.

დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტი და სპეცსამსახურების განლაგება - ჩვენთვისაც გამოწვევაა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, მოლდოვასთან  კომუნიკაცია დაამყაროს ერთობლივი შეფასებისა და ქმედებების საკითხზე.

რუსეთმა მეტი უნდა იფიქროს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის გადაზიდვაზე და არა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზე და სხვა ერების მიწაზე“, - აცხადებს ზელენსკი.