ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა რუსეთთან ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შეაჩერებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„სურსათი, ენერგეტიკა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ელემენტები დაცული უნდა იყოს, რუსეთის დარტყმები კი, პირველ რიგში, სწორედ ამისკენ არის მიმართული. უკრაინა არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთს რაიმე შეთანხმების დაცვის სურვილი აქვს“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პარტნიორები მზად არიან, უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზაობა, არ მიიტანოს იერიშები ელექტროენერგიაზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ან სურსათის ტრანსპორტირებაზე, მაშინ უკრაინა მზადაა, საპასუხოდ იგივე ნაბიჯი გადადგას.
„იმისთვის, რომ ეს იყოს საიმედო, გრძელვადიანი და რეალური გავლენა იქონიოს ადამიანების ცხოვრებაზე და არ ჩაიშალოს მას შემდეგ, რაც რუსები თავიანთ „არჩევნებს“ ჩაატარებენ და სწორედ ამ პერიოდისთვის ბენზინსა და დიზელის საწვავზე ზეწოლას შეიმსუბუქებენ. ომი უნდა დასრულდეს. ხოლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით დეესკალაციური ნაბიჯი შეიძლება, მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს. პარტნიორებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით“, - დასძინა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას დათანხმდნენ.