Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე აშშ-ის მხრიდან „მნიშვნელოვანი წინადადება“ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან არსებობს „მნიშვნელოვანი წინადადება“ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში წერს

„თუ ეს შეიძლება დეესკალაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს - ნაბიჯი რუსეთის მიერ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისა და ჩვენი საპასუხო დარტყმების დასრულებისკენ - მაშინ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ხედავს, რომ რუსული მხარე წნეხს განიცდის მის სამხედრო ეკონომიკაზე მიყენებული ზუსტი საპასუხო დარტყმების გამო.

„ჯერჯერობით არავის უნახავს რუსეთის გულწრფელი სურვილი, დაასრულოს ომი. თუმცა, თუ ამერიკელი პარტნიორები შეძლებენ, უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, დაასრულოს ეს ომი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების განადგურებას და ამას გულწრფელად და გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ, უკრაინა დეესკალაციის მიმართულებით საკუთარ ნაბიჯებს გადადგამს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა რუსეთთან ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შეაჩერებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას.