ვალერი ზალუჟნი: ნატოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ახალ სტანდარტებზე გადავიდეს, ალიანსმა გულახდილად თქვას, მზად არიან თუ არა რუსეთთან საბრძოლველად, უკრაინის გამოცდილების გარეშე?
უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ ის ალიანსის მხარდამჭერია, თუმცა ბლოკს ტრანსფორმაცია სჭირდება.
კერძოდ, გენერალმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადასვლის მთავარი მხარდამჭერი და რეფორმატორი, რის გამოც მან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
„თქვენ წინ ზის ადამიანი, რომელმაც 2019 წელს ამ ხელებითა და ამ თავით სრულად შეიმუშავა მთელი რეფორმა და ცვლილებები თითქმის 37 საკანონმდებლო აქტში, რომლებიც უკრაინის სტრატეგიული დონის მართვის სისტემის ნატოს პრინციპებსა და სტანდარტებზე გადასვლას შეეხებოდა. იმდენი მტერი შევიძინე, წარმოდგენაც არ გაქვთ. ნატოს მომხრე ვარ“, - განაცხადა ელჩმა.
თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნატოსთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება.
„მიმდინარეობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი. 2026 წელს უკრაინამ გამოიყენა შეიარაღების თითქმის ყველა სახეობა, გარდა, ალბათ, „ტომაჰოკებისა“, ბირთვული იარაღისა და F-35-ებისა, რომლებიც ნატოს არსენალშია. რესურსი ამოწურულია. რუსეთმა ამ ყველაფრის საწინააღმდეგო საშუალებები იპოვა“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, ნატო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დოქტრინას მისდევს, უკრაინა კი ტექნოლოგიურად გაცილებით წინ არის.
„სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა და მიმდინარე ომმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ახლა კი ნატოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სრულიად ახალი სტანდარტები მიიღოს და სრულიად ახალი დოქტრინა შეიმუშაოს. სწორედ მაშინ იქნება ნატო მზად უკრაინის გასაწევრიანებლად. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სრულიად ახალი ბლოკი, სავარაუდოდ, ევროპასთან ტერიტორიული კავშირით. რაღაც სრულიად ახალი“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
ამასთან, ზალუჟნიმ დასძინა, რომ ის რეგულარულად ესწრება ნატოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში იმართება, რადგან ისინი ალიანსის კულტურასა და ომის ფილოსოფიას წარმოაჩენენ. თუმცა, მისი თქმით, ეს ბლოკი უნდა შეიცვალოს, რათა თანამედროვე საფრთხეებს შეესაბამებოდეს.
„უკრაინა რუსეთთან იბრძვის, ნატოს წევრობის გარეშე. ნატომ გულახდილად თქვას, მზად არიან თუ არა რუსეთთან საბრძოლველად, უკრაინის გამოცდილების გარეშე?“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.
ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა მანამდე განაცხადა, რომ მას ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა.