სახელმწიფო ელექტროსისტემა: 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია - უახლოეს დროში ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 5 აგვისტოს, საღამოს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.