უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რობერტ ფიცომ ვერ გააცნობიერა აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე!

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, სოციალურ სივრცეში გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რობერტ ფიცო ამბობს, რომ მიუხედავად 15 აგვისტოს დაგეგმილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასასრულისა, კიევი მაინც დაზარალდება.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რობერტ ფიცომ, ჯერ კიდევ, ვერ გააცნობიერა ამ შემოჭრის ნამდვილი მიზეზი, ასევე, აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წერილში, ასევე, აღნიშნულია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები დისონანსშია კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებასთან, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, სლოვაკი ხალხი ავლენს უკრაინის მიმართ.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, ღიად გამოიყენოს შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურად, გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აკავებენ მას საკუთარ მიწაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.