Loading data...
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან „სამშვიდობო გეგმის“ პროექტი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან ოფიციალურად მიიღო „სამშვიდობო გეგმის“ პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება, სახელმწიფოს მეთაურმა გამოკვეთა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ გეგმის პუნქტებზე ისე იმუშავებენ, რომ ომის ღირსეულად დასრულებამდე მივიდნენ. 

„რუსეთის შეჭრის პირველივე წამებიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის დამყარება. წლევანდელი წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს სისხლისღვრის დასრულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული მუშაობა ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ზელენსკი უახლოეს დღეებში ტრამპთან არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებსა და მშვიდობისთვის საჭირო ძირითად საკითხებს განიხილავს.

Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდეს.