Axios: ზელენსკი ტრამპის „სამშვიდობო გეგმაზე“ დისკუსიების დაწყებას დათანხმდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა აშშ-ისა და რუსეთის მიერ ერთობლივად შემუშავებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დისკუსიების დაწყებას. ამის შესახებ Axios-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ დღეს ზელენსკი კიევში მყოფ აშშ-ის არმიის მდივან დენ დრისკოლს ესაუბრა და მისგან „სამშვიდობო გეგმის“ ასლი მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინისთვის ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავებაზე ითანამშრომლოს.
აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ზელენსკი და დრისკოლი, სავარაუდოდ, „ხელმოწერისთვის მკაცრ ვადაზე შეთანხმდნენ“.
კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დრისკოლის დელეგაციის ვიზიტი თავდაპირველად წმინდა სამხედრო საკითხებს ეხებოდა და რომ თეთრმა სახლმა მოგვიანებით მას სთხოვა, დახმარებოდა ზელენსკისთან „მოლაპარაკებების დაწყებაში“ აშშ-ის ელჩის სტივ უიტკოფისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სახელით.
„გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რათა მშვიდობა შესაძლებელი გახდეს“, - დასძინა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, გუშინ და დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა უკრაინისა და ევროპის დარწმუნებას, რომ შეთავაზებული გეგმა „აქტიური დოკუმენტია“ (რაც ნიშნავს, რომ ის შემუშავებისა და შეთანხმების პროცესშია) და რომ უკრაინელებისა და ევროპელების პოზიციებიც გათვალისწინებული იქნება.
როგორც Axios-ი ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, „სამშვიდობო გეგმის“ თანაავტორმა სტივ უიტკოფმა დღეს დილით ტელეფონით ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან. ამ საუბარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გეგმა წარმოადგენს „იდეების ჩარჩოს“, რომელიც მოიცავს უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს.
„თუ ხალხს გეგმის გარკვეული ნაწილები არ მოსწონს, უნდა გვაცნობონ და ჩვენ შევეცდებით კომპრომისის პოვნას“, - განაცხადა წყარომ უიტკოფის „სამშვიდობო გეგმაზე“ კომენტარის გაკეთებისას.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, კორუფციულმა სკანდალმა და ფრონტზე არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა, ზელენსკი უფრო მეტად გაამხნეოს, მშვიდობის გულისთვის რთულ დათმობებზე წავიდეს.