Loading data...
Bloomberg: ზელენსკი ზეწოლის ქვეშაა, რომ დათანხმდეს „სამშვიდობო გეგმას“

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო შეთანხმებას“.

სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მოსკოვთან კონსულტაციით შემუშავებული შეთანხმება. 20 ნოემბერს ზელენსკი კიევში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებთან მოლაპარაკებებს გამართავს არმიის მდივნის, დენ დრისკოლის ხელმძღვანელობით.

საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ამერიკული დელეგაცია, რომელმაც უკვე გამართა არაერთი შეხვედრა უკრაინაში, მათ შორის უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან, განიხილავს რუსეთის იძულების გზებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

მოლაპარაკებების განახლებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა 28 პუნქტისგან შედგება. ის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოდელითაა აგებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმაში ასახულია დათმობების შესახებ რუსეთის ცნობილი მოთხოვნები, რომლებსაც კიევმა არაერთხელ უწოდა მიუღებელი, რის გამოც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

სტატიის თანახმად, ზელენსკი აშშ-ის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, რათა ომის შესაჩერებლად დათმობებზე წავიდეს. ის ასევე ემზადება თავისი პარტიის წევრებთან შესახვედრად, რათა კორუფციული სკანდალის გამო საზოგადოების აღშფოთება ჩაახშოს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების შედეგად უკვე ორი მინისტრი გადააყენეს.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ამ კვირის დასაწყისში მაიამიში უიტკოფს შეხვდა და მას რუსეთისთვის ხელსაყრელი გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გეგმაზე საიდუმლოდ ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა, ითვალისწინებდა როგორც უკრაინელების, ასევე რუსების წინადადებებს ომის დასრულების მისაღებ პირობებთან დაკავშირებით. აშშ-ის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს დათმობებზე წასვლა მოუწევს.