Loading data...
ტრამპის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდეს და დასძინა, რომ ჰორმუზის სრუტე შეთანხმების მიღწევამდე დაბლოკილი დარჩება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ცუდი გარიგების დადებას არ ვაპირებ. ჩვენ გვაქვს იმდენი დრო, რამდენიც გვჭირდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როდესაც ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მან 7 აპრილს გამოაცხადა, ამერიკელმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ის გახანგრძლივდეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს, 22 აპრილს, იწურება.

გამოცემა იხსენებს, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა, რადგან აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა განაგრძო, აშშ-ის საზღვაო ძალებმა კი ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. თუმცა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრუტის გახსნას არ აპირებს.

„მათ სურთ, რომ გავხსნა. ირანელებს ძალიან სურთ, რომ ის გაიხსნას. მე მას არ გავხსნი იქამდე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერება“, - განაცხადა ტრამპმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პირობების განსახილველად ირანთან შეხვედრა ყველასთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, პირადად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუმცა ამას საჭიროდ არ მიიჩნევს.

კითხვას, ელოდება თუ არა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ განახლებას, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ტრამპმა უპასუხა: „თუ შეთანხმება არ იქნება, მე ამას ნამდვილად ველოდები“.

ცნობისთვის, ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ.