ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის არ არსებობს „ბოლო წვეთი“, რომელიც დაუმტკიცებდა, რომ პუტინი ომის დასასრულებლად მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის არ არსებობს „ბოლო წვეთი“, რომელიც დაუმტკიცებდა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არ არის. ამის შესახებ მან Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა უპასუხა კითხვას, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ბოლო წვეთი, რაც ნათლად გამოავლენდა, რომ პუტინი ომის დასასრულებლად მზად არ არის.
„აქ ბოლო წვეთი არ არის. ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მიეცეთ. და ისინი იბრძვიან და იბრძვიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ეს პუტინისთვის რთული ომია. მან ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონი. ეს ძალიან ბევრი ჯარისკაცია. და ეს უკრაინისთვისაც რთულია. ორივესთვის რთულია. ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე“, - დასძინა ტრამპმა.
მან გაიმეორა, რომ რვა ომი მოაგვარა და ფიქრობდა, რომ ეს ომი უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე უკვე მოგვარებული ზოგიერთი ომი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გეგმავს.