The New York Times: ირანმა ანკარაში დონალდ ტრამპის ზუსტი ადგილსამყოფელი იცოდა, აშშ-ის დაზვერვა ფლობდა ინფორმაციას, რომ სამიტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა
ირანელებმა იცოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზუსტი ადგილსამყოფელი, როდესაც ის გასულ თვეში ანკარაში ნატოს სამიტზე იმყოფებოდა, მათ შორის იმ სასტუმროს კონკრეტული სართული, სადაც ამერიკელი ლიდერი დაბინავდა. ამის შესახებ The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის მიერ იმ დროს მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, აშშ-ის დაზვერვას ასევე ჰქონდა ინფორმაცია Air Force One-ის მიმართულებით „მიწა-ჰაერი“ ტიპის რაკეტის გაშვების გეგმების შესახებ. კერძოდ, დაზვერვა ფლობდა ინფორმაციას, რომ სამიტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრთხის რეალურობამ განაპირობა გადაწყვეტილება, რომ ტრამპი თურქეთის დედაქალაქიდან ფარულად, სამხედრო თვითმფრინავით გაეყვანათ, Air Force One-ი კი სატყუარად გამოეყენებინათ.
ცნობისთვის, თავად ტრამპმა დაადასტურა, რომ ანკარაში გამართული ნატოს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა, რაც ამერიკული დელეგაციის უმრავლესობისთვის უცნობი იყო.