დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ნატოს სამიტიდან ფარულად ცალკე თვითმფრინავით დაბრუნდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ანკარაში გამართული ნატოს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა, რაც ამერიკული დელეგაციის დიდი უმრავლესობისთვის უცნობი იყო და განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურების დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„მე უბრალოდ ის გავაკეთე, რაც მათ სურდათ, შევასრულე საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებები. მათ სურდათ, რომ სხვა თვითმფრინავით მეფრინა იგივე დონის უსაფრთხოების ზომებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ვფიქრობ, რაღაც სახის მუქარა იყო. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ მიკითხავს. ბევრ მუქარას ვიღებ“, - დასძინა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, თვითმფრინავი, რომლითაც ის გაფრინდა, უფრო დიდი საფრთხის ქვეშ იყო.
ცნობისთვის, მანამდე The Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპი გასულ თვეს ანკარაში გამართული ნატოს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა იმის შიშით, რომ ირანი მის ლიკვიდაციას შეეცდებოდა.