Loading data...
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-მა კანადურ საქონელზე ტარიფები 35%-მდე „ფენტანილის გამო“ გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას კანადურ საქონელზე გადასახადის 25%-დან 35%-მდე გაზრდის შესახებ ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც არ ექცევა აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

როგორც აღინიშნა, ამიერიდან საქონელზე, რომლისთვისაც აშშ-ის საბაჟო დაასკვნის, რომ ადგილი აქვს საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობას, დაწესდება დამატებითი გადასახადი საქონლის ღირებულების 40%-ის ოდენობით.

ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი ნაწილობრივ დაუკავშირა კანადის მიერ ფენტანილის კონტრაბანდის შეჩერების უუნარობას.

1-ელ აგვისტოს კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანადის მთავრობა იმედგაცრუებულია ამ ნაბიჯით, ჩვენ USMCA-ს [კანადა-აშშ-მექსიკის შეთანხმების] მიმართ ერთგულნი ვრჩებით, რომელიც ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში სიდიდით მეორე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაა“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კარნიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ტარიფები და მოსაკრებლები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ხე-ტყის, ფოლადის, ალუმინის და ავტომობილების წარმოებაზე და პირობა დადო, რომ გადადგამს ნაბიჯებს კანადის სამუშაო ადგილების დასაცავად, კანადური საქონლის შესაძენად, ინვესტიციების ჩასადენად სამრეწველო კონკურენტუნარიანობაში და ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები თავის უახლეს სავაჭრო ზომებს ფენტანილის საზღვრისპირა ტრეფიკინგის საფუძველზე ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ „კანადა შეერთებულ შტატებში ფენტანილის იმპორტის მხოლოდ 1%-ს შეადგენს და ინტენსიურად მუშაობს ამ მოცულობების შემდგომი შემცირებისთვის“.

„კანადის მთავრობა ისტორიულ ინვესტიციებს დებს სასაზღვრო უსაფრთხოებაში, რათა დააკავოს ნარკოდილერები, გაანადგუროს ტრანსნაციონალური ბანდები და შეაჩეროს მიგრანტების კონტრაბანდა“, - განაცხადა კარნიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანადა გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს, ქვეყნის მთავრობა ფოკუსირებულია იმაზე, „რისი გაკონტროლებაც შეუძლია - ძლიერი კანადის მშენებლობა“.

„ფედერალური მთავრობა, პროვინციები და ტერიტორიები ერთად მუშაობენ სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად, რათა შეიქმნას ერთიანი კანადური ეკონომიკა“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის ახალი სავაჭრო ტარიფები 7 აგვისტოს ამოქმედდება.