Loading data...
სტივ ვიტკოფი ირანის ოფიციალურ პირებთან კონტაქტს ინარჩუნებს - CNN

სტივ ვიტკოფი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციას აგრძელებს მას შემდეგ, რაც თეირანმა კატარში ამერიკის საჰაერო ბაზა დაბომბა. ინფორმაციას CNN სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

„თეთრი სახლი ცდილობს, კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა იპოვოს“, - იუწყება მედია საშუალება. როგორც ირკვევა, ტრამპის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან გამოწვევას ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მხრიდან აწყდება. საქმე ისაა, რომ ირანის ოფიციალური პირებისთვის ხამენეისთან დაკავშირება გართულდა მას შემდეგ, რაც ის, ესკალაციის ფონზე, „საიდუმლო ადგილას“ იმყოფება.

„აშშ-ის ოფიციალური პირები ხვდებიან, რომ 86 წლის ხამენეის ნებისმიერ მნიშვნელოვან დიპლომატიურ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა მოუწევს, თუმცა მისგან რაიმე სახის ინფორმაციის მიღება, უფრო და უფრო რთულდება“, - ვკითხულობთ მედიაში. 

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ამ ფაქტმა აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია, გარკვეულწილად, შეაფერხა.

როგორც ირკვევა, ამერიკის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის სულიერ ლიდერს ვიდეოჩანაწერები აღარ გაუკეთებია. პენტაგონი ფიქრობს, რომ ხამენეი იმალება, რადგან „ეშინია, რომ შეიძლება მოკლან“.

მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. ოფიციალური პირების თქმით, დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ, ცდილობს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას.