სტარმერი: დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ღაზას სექტორისთვის დახმარების საჰაერო გზით მიწოდებას შეუერთდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანა შესაძლოა, ღაზას სექტორისთვის დახმარების საჰაერო გზით მიწოდებაში მონაწილეობა მიიღოს. მის სიტყვებს Politico ციტირებს.
ისრაელმა პარასკევს, 25 ივლისს, განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უცხო ქვეყნებს ღაზას სექტორში საკვებისა და სხვა მარაგების საჰაერო გზით ჩაშვების უფლებას მისცემს.
„სიახლე, რომ ისრაელი ქვეყნებს ღაზაში დახმარების საჰაერო გზით ჩაშვების უფლებას მისცემს, ძალიან დაგვიანებულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება ამ გზით მივიდეს. ღაზაში შიმშილისა და სასოწარკვეთის ამსახველი სურათები აბსოლუტურად შემზარავია. ჩვენ უკვე სასწრაფოდ ვმუშაობთ იორდანიის ხელისუფლებასთან, რათა ბრიტანული დახმარება თვითმფრინავებში ჩავდოთ და ღაზაში შევიტანოთ“, - განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.