Loading data...
სიიარტო სიბიგას: ვიცით, გსურთ მთავრობა, რომელიც ბრიუსელს დათანხმდება და მზად იქნება, უნგრეთი თქვენს ომში ჩაითრიოს, ამას არ დავუშვებთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებას ეხმაურება.

როგორც სიიარტო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, უკრაინას უნგრეთში სურს ისეთი მთავრობა, რომელიც მზად იქნება, ქვეყანა უკრაინის ომში ჩართოს.

„როგორც ვხედავ, ჩვენს არჩევნებში ჩარევა დაიწყეთ. ვიცით, რომ გსურთ მთავრობა, რომელიც ბრიუსელს დათანხმდება და მზად იქნება, უნგრეთი თქვენს ომში ჩაითრიოს. თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ! უნგრეთის სუვერენული მთავრობა გააგრძელებს ქვეყნისა და მისი ხალხის დაცვას თქვენი ომისგან! უნგრეთი უპირველეს ყოვლისა!“, – წერს სიიარტო.

მანამდე ანდრეი სიბიგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. პასუხად სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი ბატონი მოსკოვში 100 წელი ვერ იცოცხლებს“.