Loading data...
რუსეთის მიერ კრივოი-როგში დაბომბილი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი სუპერმარკეტის დირექტორს ბრალი წაუყენეს

რუსეთის მიერ კრივოი-როგში დაბომბილი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი სუპერმარკეტის დირექტორს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიხოვსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.

„დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიციის გამომძიებლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქმის ფარგლებში, ისინი, კერძოდ, შეამოწმებენ კრივოი-როგში სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის თანამდებობის პირების ქმედებებს, ასევე იმ კომპანიების ქმედებებს, რომლებმაც ამ კომპლექსში ფართი იქირავეს“, - განაცხადა მან. 

მისი თქმით, პოლიციის გამომძიებლებმა და პროკურორებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის დირექტორს ეჭვის შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს.

„ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებების მიუხედავად, რომ საჰაერო განგაშის დროს მუშაობა შეეჩერებინათ, ობიექტი ფუნქციონირებას მაინც განაგრძობდა. დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ იქ აღმოაჩინეს“, - აღნიშნა ვიხოვსკიმ.

მინისტრის თქმით, გამოძიების დროს პოლიცია სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს, სათანადოდ იყვნენ თუ არა ინფორმირებული ვიზიტორები და თანამშრომლები, დროულად გაიცა თუ არა შენობიდან ევაკუაციის ბრძანება და ასევე, გადაამოწმებს ონლაინ გავრცელებულ ინფორმაციას თავშესაფრის კარების ჩაკეტვის შესახებ.

„კომპლექსურად შეისწავლიან როგორც ყველა პასუხისმგებელი პირის მოქმედებებს, ისე რეაგირების დამტკიცებულ ალგორითმებს — იყო თუ არა ისინი ადაპტირებული ფრონტისპირა რეგიონში არსებულ რეალურ საფრთხეებთან,“ — დასძინა მან.

კრივოი-როგის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის იერიშს 16 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა.