რუსეთმა კრივოი-როგში სავაჭრო ცენტრს მოიერიშე დრონებით შეუტია, დაიღუპა 16 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის სამხედრო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში, ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრს მოიერიშე დრონებით შეუტიეს. იერიშს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 130 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
წინასწარი ინფორმაციით, კრივოი-როგში ცხრა ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის ორი ბავშვია. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ განაცხადა, რომ მაშველები ნანგრევებისგან გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
მისივე თქმით, ავიაიერიშის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობა დაინგრა და ხანძარი გაჩნდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლა ლუკაშუკმა განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სავაჭრო ცენტრზე იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრონებმა სამოქალაქო ობიექტს ორჯერ შეუტიეს.
„რუსებმა კრივოი-როგში ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრზე სრულიად ცინიკური და მზაკვრული დარტყმა განახორციელეს. მოიერიშე დრონებით თავდასხმები ორ ტალღად განხორციელდა: პირველი დარტყმიდან და ხანძრიდან ნახევარი საათის შემდეგ მეორე დარტყმა განხორციელდა, რომლის სამიზნეც სამაშველო სამსახურები იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აგრესორზე რეალური ზეწოლა განახორციელოს.