„რუსეთი გააანალიზებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მორატორიუმის წინადადებას და უპასუხებს“ - პუტინი ზელენსკის წინადადებას გამოეხმაურა

რუსეთი გააანალიზებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მორატორიუმის წინადადებას და უპასუხებს, - განაცხადა კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას, რომ რუსეთმა თავი შეიკავოს შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით.
პუტინის თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. მან მოიყვანა მაგალითი, რომ ოდესაში „უცხოელ კურატორებთან ერთად“ სარაკეტო სისტემების გამოცდა მოეწყო.
ამასთან, კრემლის ლიდერმა კომენტარი გააკეთა „სააღდგომო ზავის“ შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება აქვს ზავის მიმართ“ და ამიტომ გამოვიდა ასეთი ინიციატივით.
„რუსეთმა უნდა გააანალიზოს სააღდგომო ზავის გამოცხადების გამოცდილება“, - განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „თითქმის 5 ათასჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მაგრამ მთლიანობაში აქტივობა შემცირდა“.
შეგახსენებთ, 19 აპრილს პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სააღდგომო ზავი გამოაცხადა, რომელიც 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. კრემლის განცხადებით, პუტინმა ამ პერიოდისთვის ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების ბრძანება გასცა.
იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მხარეს სააღდგომო ზავის 30 დღით გახანგრძლივება შესთავაზა.