პაკისტანი და ავღანეთი შეტაკებების შემდეგ დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

დღეს, 18 ოქტომბერს, დოჰაში ავღანეთი და პაკისტანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ მას შემდეგ, რაც სამხრეთ აზიელმა მეზობლებმა ერთკვირიანი სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაახანგრძლივეს. ინფორმაციას Reuters-ი ორივე მხარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაშავდა. „ეს იყო ყველაზე მძიმე ძალადობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2021 წელს ქაბულში „თალიბანმა“ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო“, - წერს სააგენტო.
„დაპირებისამებრ, პაკისტანის მხარესთან მოლაპარაკებები დღეს დოჰაში გაიმართება“, - განაცხადა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა და დასძინა, რომ თავდაცვის მინისტრის მულა მუჰამედ იაკუბის ხელმძღვანელობით ქაბულის გუნდი დოჰაში ჩავიდა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრი ხავაჯა მუჰამედ ასიფი ავღანელი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.
„მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება პაკისტანის წინააღმდეგ ავღანეთიდან მომდინარე საზღვრისპირა ტერორიზმის დასრულებისა და პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის დაუყოვნებლივ ზომებზე“, - ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში ქვეყნების დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, ქვეყნებს შორის კონფლიქტი 11 ოქტომბრის ღამეს გამწვავდა, როდესაც პაკისტანმა განაცხადა, რომ დაარღვია ავღანეთის საჰაერო სივრცე და მის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტი დაბომბა.
ამასთან ერთად, ისლამაბადი ქაბულს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა, რასაც „თალიბანის“ მთავრობა უარყოფდა.