El Pais: ევროკავშირმა პუტინისა და ტრამპის ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრას „პოლიტიკური კოშმარი“ უწოდა

ევროკავშირში „შეურაცხყოფად“ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია El Pais-ის სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებს „უხერხულ და უსიამოვნო მდგომარეობაში“ აყენებს, რადგან პუტინი და ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის განხილვას ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში აპირებენ, თუმცა თავად ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე.
გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თუ ევროკავშირის ლიდერები არ მოისურვებენ ტრამპის გაბრაზებას, ისინი იძულებულნი იქნებიან, პუტინს მათ საჰაერო სივრცეში ფრენის სპეციალური ნებართვა მისცენ, ან აიძულონ ის, უფრო გრძელი მარშრუტით იფრინოს.
„ადგილი ფრთხილად შეირჩა, რადგან ეს შესაძლებელია, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს, კრემლის მიმართ ევროკავშირში არსებული უთანხმოების გაღრმავებით. ეს, ასევე, შეიძლება დიდი დახმარება იყოს ორბანისთვის, რომელსაც მომავალ წელს თავის ქვეყანაში არჩევნები ელის“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურად.
საჯარო განცხადებებში ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა სასარგებლო იქნება, თუ ის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ხელს შეუწყობს.
თუმცა, კერძო საუბრებში რამდენიმე წყარომ ევროკავშირისთვის „პოლიტიკურ კოშმარზე“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ლიდერების მასპინძლობისთვის მზადებაშია.