Loading data...
ნავთობის ფასმა, 2022 წლის შემდეგ, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2022 წლიდან დღემდე, ნავთობის ფასი, თითქმის, 7%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბაზარზე ფასის მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ახალ, პოტენციურ გეგმებზე ისაუბრა. 

როგორც მედია ავრცელებს, ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ გეგმა მოამზადა, რათა ირანს „ძლიერი და მოკლე“ დარტყმები მიაყენოს. ინფორმაციას, თავდაპირველად, Axios აქვეყნებდა, რაც მალევე, BBC-მაც დაადასტურა.

ცნობისთვის, ნავთობის ფასის ზრდა მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნებოდა, რასაც ექსპერტები აშშ-სა და ირანს შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს და ჰორმუზის სრუტის ბლოკადას უკავშირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით, 20%-ის სხვადასხვა ქვეყანაში გადინება ჰორმუზის სრუტის საშუალებით ხდება, მისმა ჩაკეტვამ კი, ბუნებრივია, რომ ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

დღეს, 30 აპრილს ნავთობის ფასმა ბარელზე  126.31 დოლარს მიაღწია, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ისიც ფაქტია, რომ დღის ბოლომდე ფასი ისევ, 114 დოლარამდე დაეცა. 

ნავთობის ფასის მკვეთრი ცვლილება საზოგადოების ყველა ფენას შეეხო. მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საკუთარი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომის შედეგად, ადამიანები შესაძლოა, ელექტროენერგიის, საკვებისა და ავიაბილეთების ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდნენ.

ცნობისთვის, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ტარიფების ზრდა უკვე დაიწყო. ზოგმა კი - ახლო მანძილზე ფრენები გააუქმა.

რაც შეეხება საკვებს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პროდუქტებზე ფასების მატებას სასუქი ნივთიერებების გაძვირება გამოიწვევს.