აშშ-ის სენატი პიტ ჰეგსეთს ტრამპისთვის „სახიფათოდ გაზვიადებული“ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს
„ქვეყნის თავდაცვის მდივანმა აშშ-ის პრეზიდენტს, ირანთან სამხედრო გამარჯვების შესახებ, სახიფათოდ გაზვიადებული ინფორმაცია მიაწოდა“, - აცხადებს სენატორი ჯეკ რიდი. ინფორმაციას The Guardian იუწყება.
როგორც აღმოჩნდა, სენატში დღეს, 30 აპრილს პიტ ჰეგსეთის საქმე განიხილეს, რომლის მსვლელობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიყო:
1) აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ ტრამპს ირანთან ომის ზუსტი სურათი ვერ აღუწერა;
2) „სახიფათოდ გაზვიადებულად“ შეფასდა მისი ქმედებები აშშ-ის „სამხედრო ტრიუმფთან“ დაკავშირებით
კაპიტოლიუმ ჰილის მოსმენაზე სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ჯეკ რიდმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს განუცხადა, რომ ქვეყანა შორს დგას გამარჯვებისგან და მოქალაქეებს იმ ომის ხარჯების გადახდა უწევთ, რომელსაც თავიდანვე არ უჭერდნენ მხარს.
მეორე საკითხი, რომელსაც რიდი ხაზს უსვამს, საწვავზე გაზრდილი ფასია, რასაც ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და ჩიხში შესული მოლაპარაკებები იწვევს.
„ამერიკელი ოჯახები იმ ომის ხარჯებს იტანენ, რომელთანაც საერთო არაფერი სურდათ და რომლისგანაც არაფერი მიუღიათ, მაგრამ, მდივანო ჰეგსეთ, თქვენ ერთი თვის წინ, გამარჯვების შესახებ გამოაცხადეთ“, - მიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივანს როდ-აილენდის სენატორმა რიდმა.
კრიტიკა პიტ ჰეგსეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის დენ კეინის მიერ კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებას მოჰყვა, რომლის დროსაც მომხსენებლებმა ქვეყნის ბიუჯეტიდან პენტაგონის რეკორდული - 1.45 ტრილიონი დოლარით დაფინანსება მოითხოვეს.
„მოსმენა სწრაფად გადაიზარდა დაპირისპირებაში, რასაც სენატორებისგან „ომის დამნაშავის“ და „საზიზღარი პიროვნების“ შეძახილები მოჰყვა“, - წერს მედია.
ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე, ამერიკის კონგრესმენებისგან სულ უფრო ხშირად ისმის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კრიტიკა იმის გამო, რომ ტრამპი ომში სტრატეგიის არქონის გარეშე გადაეშვა და კონსულტაციისთვის არც ამერიკელი ხალხისთვის მიუმართავს და არც სენატისთვის.
განსაკუთრებულად მკაცრი კრიტიკა კი პიტ ჰეგსეთის ქმედებებმა გამოიწვია, რომელსაც ბრალი პირდაპირ დასდეს აშშ-ის პრეზიდენტისთვის ინფორმაციის სწორად არ მიწოდებაში, რასაც ზარალი, ზიანი და სამხედროების უკონტროლო დაღუპვა მოჰყვა.
„თქვენი განცხადებების პრობლემა, ბატონო მდივანო, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი საშიშად გაზვიადებულია“, - აღნიშნა რიდმა და დასძინა, რომ „ირანის მკაცრი რეჟიმი, კვლავ, ინარჩუნებს სიძლიერეს. კვლავ აქვს ურანის გამდიდრებული მარაგი და მისი ბირთვული პროგრამაც სიცოცხლისუნარიანი რჩება“.